ქართველი მორაგბეები საფრანგეთის „ტოპ 14“-ში | 2018/19 წლების სეზონი
ქართველი მორაგბეები საფრანგეთის „ტოპ 14“-ში | 2018/19 წლების სეზონი

25 აგვისტოს საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო ლიგის – „ტოპ 14“-ის 2018/19 წლების სეზონი დაიწყება. სატრანსფერო ფანჯრისას გუნდებში ბევრი საინტერესო ცვლილება მოხდა, კლუბებმა ლეგიონერები აიმატეს და მომავალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. საინტერესოა თუ რამდენი ქართველი მორაგბე ითამაშებს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საკლუბო ტურნირში და რა პოზიციებზე გაირჯებიან ისინი –

„აჟენი“ 

„აჟენში“ ორი ქართველი მორაგბეა – ბურჯი გიორგი თეთრაშვილი და უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე.

„ბორდო“ 

კლუბის ქართველი ახალწვეულები – რვა ნომერი ბექა გორგაძე  და ბურჯი ლექსო ყაულაშვილი არიან. მათ ბურჯი ლაშა ტაბიძე დახვდა, ასე რომ „ბორდოს“ სატურნირო შემადგენლობაში სამი ქართველი მორაგბეა. საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა გორგაძე „ტოპ 14“-ში პირველი სეზონს ჩაატარებს.

ბექა გორგაძე

„კლერმონი“ 

ფრანგულ გრანდს ქართველი ახალ წვეულები არ ჰყავს. გუნდს ოთარ გიორგაძეც დაემშვობა და „პროდ2“-ის „ბრივში“ გადავიდა. კლუბში სამი ქართველი მორაგბე რჩება – დავით ზირაქაშვილი (ბურჯი), ბექა კაკაბაძე (ბურჯი) და ვიქტორ კოლელიშვილი (მღლეტელი).

„გრენობლი“ 

„გრენობლს“ მომავალი სეზონიდან გამოცდილი ქართველი ბურჯი – დავით ქუბრიაშვილი გააძლიერებს. იგი ახალ კლუბში „მონპელიედან“ გადავიდა. გუნდში მას ორი ქართველი ბურჯი – ბექა გიგაშვილი და ვაჟა კაპანაძე დახვდნენ.

„მონპელიე“ 

„ბორჯღალოსნების“ ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ „ტულონი“ დატოვა და „მონპელიეში“ გადავიდა. გუნდში მას სამი ქართველი მორაგბე დახვდა – ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, მხტომელი კონსტანტინე მიქაუტაძე და ცხრა ნომერი გელა აფრასიძე.

ლევან ჩილაჩავა „ტულონიდან“ „მონპელიეში“ გადავიდა

„რასინგ 92“

პარიზულ კლუბში ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი ასპარეზობს. იგი საუკეთესო ფორმაში შედის და მალე შეიძლება „ბორჯღალოსნების“ რიგებშიც ვიხილოთ.

„სტად ფრანსე“ 

ერთადერთი ქართველი მორაგბეა მეორე პარიზულ კლუბშიც – ბურჯი გიორგი მელიქიძე. ზურაბ ჟვანიამ გუნდი დატოვა და ინგლისის „პრემიერშიფში“ განაგრძობს კარიერას.

„ტულონი“ 

ერთ დროს „ტოპ 14“-ის „ყველაზე ქართულ“ კლუბში ორი ქართველი მორაგბე დარჩა. ლეგენდარულ მამუკა გორგოძესთან ერთად ახალგაზრდა კვაჭი, ბადრი ალხაზაშვილი ითამაშებს.

მამუკა გორგოძე

მთლიანობაში საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში 2018/19 წლების სეზონში 18 ქართველი მორაგბე იასპარეზებს. ამათგან უმეტესობა (12) ბურჯია, ორი მღლეტელი, ერთი კვაჭი, ერთი მხტომელი, ერთი უკანახაზელი და ერთიც ცხრა ნომერი.

რა თქმა უნდა, საფრანგეთის ქვედა ლიგებში სხვა ქართველი მორაგბეებიც თამაშობენ და მათზე სეზონის დაწყებამდე აუცილებლად ვისაუბრებთ.