თურქეთის ქალაქ გებზეში დღეს სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. აქ პირველობისთვის 61 ქვეყნის 168 ვაჟი და 45 ქვეყნის 100 გოგონა იბრძვის. საქართველოს ნაკრების ღირსებას 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი ნინო ხომერიკი, საერთაშორისო ოსტატები ნოე თუთისანი და გიორგი სიბაშვილი იცავენ.
დღეს პირველი ტურის პარტია ნინო ხომერიკმა შავი ფერის ფიგურებით ჰოუს მოუგო, გიორგი სიბაშვილმა თეთრებით რუსლან სეზბეკოვს სძლია, ნოე თუთისანმა კი ლემოსთან ყაიმი გააფორმა.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და 15 სექტემბერს დასრულდება.