ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ის ლეგენდისგან ჯონ ჯონსისგან Jackson Wink MMA Academy-ში მიწვევა მიიღო. ჯონსმა უკრაინაში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენს ვიდეომიმართვა გაუგზავნა, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ მალე იხილავს მას აკადემიაში.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვივარჯიშო ასეთ ჩემპიონთან ერთდ“ – დაწერა დოლიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ჯონ ჯონსი ისტორიაში შევიდა იმით, რომ გახდა ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი, რომელმაც ნახევრადმძიმე წონაში UFC-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაშინ ის 23 წლის იყო. ოთხი წლის მანძილზე ჯონსმა აღნიშნული ტიტული წარმატებით რვაჯერ დაიცვა. კარიერის განმავლობაში ამერიკელი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ეს მარცხიც აკრძალული ილეთის გამოყენებისთვის მიღებული დისკვალიფიკაციისთვის გამო ჩაეთვალა. მის ანგარშზე 22 გამარჯვებაა, აქედან 9 ნოკაუტით. ჯონსი ნახევრადმძიმე წონაში, დღემდე მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლად ითვლება.
რაც შეეხება რომან დოლიძეს, ბათუმელი სპორტსმენი WWFC–ის ეგიდით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელია. MMA-ში ხუთიდან ხუთი შეხვედრა აქვს მოგებული. 2008 წლიდან ოდესაში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ის გრეპლინგში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, უკრაინის ჩემპიონობა კი ექვსჯერ აქვს მოპოვებული.