ქართველი ლეგიონერების უიღბლო დღე - „ლევანტე“ და „კრაკოვია“ ლიდერებთან დამარცხდნენ #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერების უიღბლო დღე - „ლევანტე“ და „კრაკოვია“ ლიდერებთან დამარცხდნენ #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-15 ტურის შეხვედრაში ლიდერს, „ლეგანესს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა. „ლევანტემ“ პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა და შესვენებაზე უპირატესობით გავიდა, მაგრამ „ლეგანესმა“ მეორე ნახევარში ორი ბურთი გაიტანა და გაიმარჯვა.

ქართველი ნახევარმცველი დაუღალავად მუშაობდა, მეტოქეს ხელს უშლიდა და შეტევების წამოწყებას ცდილობდა. „ლევანტეს“ კარში პირველი გოლი პენალტით გავიდა, რომელიც ქოჩორაშვილის შეცდომის გამო დაინიშნა. 15 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 24 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემაც ლიდერის წინააღმდეგ ითამაშა. გამოცდილი მცველი ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო „კრაკოვიას“ შემადგენლობაში, რომელმაც პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში ვროცლავის „შლიონსკს“ უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები მოედანზე ცხრა კაცით დარჩნენ (არბიტრმა მათი ორი ფეხბურთელი გააძევა), კაკაბაძის გუნდი გათამაშების ლიდერთან მაინც 0:1 დამარცხდა.

ქართველი ლეგიონერი პირველ ტაიმში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მეორე ნახევარში მარცხნივ გადაიყვანეს, 73-ე წუთზე კი შეცვალეს. „კრაკოვია“ პოლონეთის ექსტრაკლასაში 15 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-15 ადგილზეა.