ქართველი ლეგიონერების მატჩები სფფ-ს ვებპლატფორმაზე - ფეხბურთის ფედერაციამ ახალი პროექტი წამოიწყო #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი პროექტი დაიწყო, რომლითაც ქართველი გულშემატკივარი აუცილებლად დაინტერესდება – ამიერიდან უცხოეთში მოთამაშე ეროვნული გუნდის წევრების თამაშების ხილვა სფფ-ს ვებპლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.
„ჩვენი სოციალური მედიის საშუალებით გეძლევათ შესაძლებლობა, თვალი ადევნოთ ქართველი ფეხბურთელების საკლუბო მატჩებს. ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლომდე ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილავთ გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას ბრატისლავის „სლოვანის“ ყველა შეხვედრას სლოვაკეთის ჩემპიონატის ფარგლებში.
მოლაპარაკებები აქტიური ფაზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენს პლატფორმას კიდევ რამდენიმე ევროპული ჩემპიონატი დაემატება, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები და კანდიდატები თამაშობენ. მატჩების წინასწარ ანონსს ეროვნული გუნდის ვებგვერდზე, nakrebi.ge-ზე იხილავთ“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, ვმუშაობთ ამ პროექტზე. გვსურს როგორც ინტერნეტპლატფორმაზე, აგრეთვე ტელევიზიით ფეხბურთის გულშემატკივრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ნახონ ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით. ამ ეტაპზე ვიწყებთ სლოვაკეთის ჩემპიონატით, მალე კიდევ რამდენიმე ჩვენი ლეგიონერის საკლუბო მატჩი დაგვემატება. ამ პროექტის ფარგლებში გვსურდა მაქსიმალურად ბევრი მატჩის ჩვენება, ამიტომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
ახალი სეზონიდან პროექტი კიდევ უფრო მეტ მასშტაბს შეიძენს. რა თქმა უნდა, საუბარია ჩვენს პლატფორმაზე იმ ჩემპიონატების მატჩების ჩვენებაზე, რომელთა საავტორო უფლებებს საქართველოს ტერიტორიაზე არცერთი კომპანია არ ფლობს. შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი პროექტის დასაწყებად უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს სასიამოვნო სიახლე იქნება. უფრო მეტ ინფორმაციას ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით მივაწვდით ფეხბურთის გულშემატკივრებს“, – ამბობს საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.
პირველ მატჩს დღეს, 2 აპრილს, 19:30 საატზე იხილავთ – ქართული სამეულის ბრატისლავას „სლოვანი“ ტრნავას „სპარტაკს“ ესტუმრება. მატჩს იხილავთ სატესტო რეჟიმში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.