ქართველი ლეგიონერების გოლები და საგოლე გადაცემები
ქართველი ლეგიონერების გოლები და საგოლე გადაცემები

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში მორიგი გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა, „მეზოკოვეშდმა“ შინ „დებრეცენს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

 

საქართველოს ნაკრების კანდიდატმა თავი მასპინძლებისთვის საჭირო დროს გამოიჩინა. 54-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო, როდესაც ზივზივაძემ საჯარიმოსთან ეფექტური ფინტით ორი მცველი ჩამოიშორა, მესამეს დაასწრო და ზუსტად დაარტყა.

 

ამ გამარჯვებით უნგრეთის ჩემპიონატში გამართული 10 ტურის შემდეგ „მეზოკოვეშდმა“ 22 ქულა დააგროვა და ლიდერ „ფერენცვაროშს“ დაეწია, რომელსაც ერთი თამაში მარაგში აქვს. ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

ჩვენებურმა გოლით თავი აზერბაიჯანშიც გამოიჩინა. მე-19 ტურში „გაბალა“ გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერს, „კეშლასთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა, რომელმაც 58-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, თუმცა, სტუმრებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს. ვოლკოვიგაბალას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო მერაბ გიგაურს არ უთამაშია.

 

ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველის გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ გასვლაზე აუტსაიდერი „სანკტ პელტენი“ 0:4 დაამარცხა. გრაცელებმა ანგარიში 50-ე წუთზე გახსნეს – კირილ დესპოდოვმა მეტოქის კარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გადაცემით აიღო. კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.