ქართველი ლეგიონერები | სიგუა „ლოზანას“ შემადგენლობაში ათამაშეს, ლორთქიფანიძე სერია A-ში დებიუტის მოლოდინშია #1TVSPORT

21:55, 21.09.2025

გაბრიელ სიგუამ „ლოზანას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მისმა გუნდმა შვეიცარიის თასის 1/16- ფინალში სტუმრად 4:1 დაამარცხა მეტოქე. სიგუა 61-ე წუთზე შეცვალეს, როცა საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

დანიის სუპერლიგის მე-9 ტურში გიორგი ტაბატაძის „ვეილე“ „სონდერიისკეს“ 2:2 დაუზავა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

შოთა ნონიკაშვილს მცირე სათამაშო დრო დაუთმეს „ჩერკასში“, რომელმაც უკრაინის პრემიერლიგაში ლვოვის „რუხი“ 1:0 დაამარცხა. დაჩი ლორთქიფანიძე კვლავ დებიუტის მოლოდინშია იტალიის სერია A-ში – მისი „კრემონეზე“ „პარმას“ დაუზავდა, ხოლო 20 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ლიეტუვის A ლიგაში „კაუნო ჟალგირისის“ მცველი ანტონ თოლორდავა „ძიუგასთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში ძირითადში იყო, თემურ ჩოგაძე კი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა და ყვითელი ბარათი მიიღო.

საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას „ოფიმ“ „ლევადიაკოსს“ ესტუმრა და შესვენების შემდეგ 9 კაცით დარჩენილმა 0:4 წააგო. საქართველოს ნაკრების მოთამაშე სტუმართა ძირითადში იყო და 61 წუთი ითამაშა.

ლატვიის ვირსლიგაში ლაშა ოდიშარიას რფს-მა „დაუგავპილსს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. ლატვიელებმა ქართველი ფეხბურთელი „ხიხონის სპორტინგშიც“ არ გაუშვეს და ახლა განაცხადშიც აღარ შეჰყავთ.

მსგავსი