ქართველი ლეგიონერები - მაქაცარიამ დუბლი შეასრულა, კუტალიამ სომხეთში გაიტანა, ლობჯანიძემ - ჩინეთში [ვიდეო] #1TVSPORT

უცხოეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი თამაშები ჩაატარეს, თავის გამოჩენა კი რამდენიმე მათგანმა მოახერხა.

ჩინეთის ლიგა 1-ში ელგუჯა ლობჯანიძის „ჰეილონძიანმა“ „გუანგჯისთან“ ფრედ (1:1)  ითამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7,7. მან მოედანზე 85 წუთი გაატარა და 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ლობჯანიძემ 11 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტური შედეგიანი გამოდგა ყაზახეთის პირველ ლიგაში მოთამაშე ქართველებისთვის. ბექა ქავთარაძის „ელიმაიმ“ სტუმრად „ეკიბასტუზი“ 4:0 დაამარცხა. ქავთარაძემ (63-ე წუთზე შეცვალეს) საგოლე გადაცემა შეასრულა. მის ანგარიშზე უკვე 12 გოლი და 7 შედეგიანი პასია. „ელიმაი“ გათამაშების ლიდერი და პრემიერლიგაში გადასვლის მთავარი კანდიდატია.

ლაშა კასრაძისა და თამაზ მაქაცარიას „ჟენისმა“ საშინაო არენაზე „თურქისტანს“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო. „ჟენისს“, რომელიც ყაზახეთის პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის, გამარჯვება მაქაცარიას დუბლმა მოუტანა. 27 წლის თავდამსხმელს ჰეთთრიქის შესრულებაც შეეძლო. გასაკუთრებით ეფექტური მისი პირველი გოლი გამოვიდა, რომელიც შორიდან საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მაქაცარიას სეზონში ოთხი გოლი აქვს გატანილი.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ლუკა გადრანს, მართალია, გოლი და საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია, მაგრამ წარმატებული თამაში ჩაატარა „აქტობეში“, რომელმაც ჩემპიონატის ლიდერი „ორდაბასი“ 2:1 დაამარცხა, ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზეა. გადრანმა (ყვითელი ბარათი მიიღო) შეუცვლელად ითამაშა.

სომხეთის პრემიერლიგის „ალაშკერტში“ კვლავ გამოიჩინეს თავი დავით ხურციძემ და ლევან კუტალიამ – ქართველები გუნდს ამჯერად „ურარტუს“ დამარცხებაში დაეხმარნენ – 4:2. ანგარიში 54-ე წუთზე ხურციძემ გახსნა, 69-ეზე კი კუტალიამ ანგარიში ორამდე გაზარდა – გამოცდილმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა და სომხეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში რვა გოლით ერთპიროვნული ლიდერია.