ქართველი ლეგიონერები | მამაგეიშვილი „შტურმის“ ძირითადში იყო, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, საფრანგეთში წიტაიშვილმა და აბუაშვილმა ითამაშეს #1TVSPORT

21:52, 05.04.2026

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 25-ე ტურში გრაცის „შტურმი“ ვენაში „რაპიდს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა – 2:0.

გიზი მამაგეიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 73-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა – „ჯვაროსნების“ ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის მოედანს სწრაფად დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ „რაპიდმა“ „შტურმს“ რეგულარულ სეზონში ორივე მატჩი 2:1 მოუგო, მაგრამ ამჯერად ვერაფერს გახდა. გრაცის „შტურმი“ 26 ქულით საჩემპიონო ჯგუფის ლიდერია და კონკურენტ „ზალცბურგს“ ოთხი ქულით ასწრებს.

პლეიაუტის ჯგუფში მუხრან ბაგრატიონის „გრაცერმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ლინცთან“ სამი ქულა მოიპოვა – 2:1. ქართველის გუნდი მეორე ადგილზეა და ლიგაში დარჩენის კარგი შანსი აქვს – ბაგრატიონს ამჯერად არ უთამაშია.

საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენად მებრძოლმა „მეცმა“ კონკურენტ „ნანტს“ უმასპინძლა, მაგრამ რიცხვობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ ფრე – 0:0 ითამაშა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი მოხვდა, გიორგი აბუაშვილი 86-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო გიორგი ქვილითაიას არ უთამაშია.

39-ე წუთზე სტუმრების მცველი ტილელ ტატი გააძევეს. „მეცმა“ მატჩის მიმდინარეობისას ორი ბურთი გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ორივე გაუუქმა.

ლიგა 1-ში გამართული 28 ტურის შემდეგ „მეცი“ 15 ქულით კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზეა.

მსგავსი