ქართველი ლეგიონერები - გოლები, ავტოგოლი და ნიჭის აღიარება
ქართველი ლეგიონერები - გოლები, ავტოგოლი და ნიჭის აღიარება

უქმეებზე უცხოეთში რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. ზოგიერთმა თავი გოლით გამოიჩინა, ერთმა საკუთარი გუნდისთვსიაც გაიტანა და ბურთი საკუთარ კარშიც ჩაჭრა, ერთი მათგანის ჩვენებური ახალგაზრდას ნიჭი კი მწვრთნელმა აღიარა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში სოსნოვეცის „ზაგლებიე“ „ლეგნიცას“ ესტუმრა და მოულოდნელად, 2:0 დაამარცხა. აუთსაიდერის გამარჯვებაში წვლილი გიორგი გაბედავამ შეიტანა, რომელმაც მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა. ეს ახალ კლუბში ქართველი თავდამსხმელის პირველი გოლი იყო. გიორგი ივანიშვილი „ზაგლებიეს“ სათადარიგოთა სკამზე იყო და მხოლოდ დამატებულ მე-7 წუთზე შეიყვანეს.

გოლით გამოიჩინა თავი ბელარუსში მოთამაშე გიორგი ქანთარიამაც. 21 წლის მცველის გუნდი, გროდნოს „ნემანი“ სეზონის პირველ მატჩში „გომელთან“ საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა. ქანთარიამ ორი გოლი გაიტანა – 23–ე წუთზე გუნდი ულამაზესი გოლით თავისიანები დააწინაურა, ხოლო შესვენებამდე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში გუჯა ლობჯანიძემ ისევ გაიტანა. მისმა გუნდმა „ტარაზმა“ საკუთარ მოედანზე „ატირაუს“ 2:0 სძლია, 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 70-ე წუთზე გახსნა და შეუცვლელად ითამაშა. „ტარაზის“ ძირითად შემადგენლობაში ასევე 90 წუთი ლაშა კასრაძემ ჩაატარა. ეს ყაზახეთის პრემიერლიგაში ლობჯანიძის მეორე გოლი იყო.

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ კი ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსკოვურ დერბიში გადადგა: რუსეთის პრემიერლიგის 21–ე ტურში, „ლოკომოტივმა“ თანაქალაქელი „დინამო“ გასვლაზე 1:0 დაამარცხა და 38 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა. საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო 18 წლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მეოდანზე 55- ე წუთზე გამოჩნდა და მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის ქება დაიმსახურა.

„კვარაცხელიას შესვლა მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, შეტევის გასაძლიერებლად დაგვჭირდა. მან თავი კარგად გამოავლინა და რამდენჯერმე თამაში გაამწვავა. ყველა ხედავს, კვარაცხელიას რაც შეუძლია. მას შანსი კიდევ ბევრჯერ მიეცემა, რადგან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებთან კონკურენციისთვის მზადაა“, – ამბობს სიომინი.