ქართველი ლეგიონერები „ევროპა ლიგაზე“
ქართველი ლეგიონერები „ევროპა ლიგაზე“

„ევროპა ლიგის“ პლეი–ოფის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბულგარეთის ჩემპიონ რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ 0:1 დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მინიმუმამდე შეუმცირდა. თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე თამაშის შანსი რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გააჩნია.

ლუგანსკის „ზორია“ „ლაიფციგთან“ მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 0:0. ზაურ მახარაძე უკრაინელთა განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია. ქართველი მეკარის ნაცვლად გერმანელებთან უკრაინელთა კარს ბრაზილიელი ლუიშ ფილიპე იცავდა. განაცხადში იყო და ასევე არ უთამაშია ლევან მახარაძეს, რომელიც გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა. თუმცა, ახლა უკრაინის მოქალაქეა.

ტრნავას „სპარტაკმა“ გასვლაზე ლუბლიანის „ოლიმპია“ 2:0 დაამარცხა და დიდი ალბათობაა, რომ ჯგუფში გავიდეს. გამარჯვებულთა შორის, ტრავმის გამო, ვახტანგ ჭანტურიშვილი არ გამოჩენილა.

ასევე დიდი შანსი გაუჩნდა ლუქსემბურგის „დუდელანჟს“, რომელმაც შინ რუმინული „კლუჟი“ 2:0 დაამარცხა. დინო ტოპმიოლერის გუნდის განაცხადში ამჯერადაც არ იყო ლევან ყენია – საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გუნდში ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ჯერ ევროგათამაშებაზე არ უთამაშია.

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ ფრანგულ „ბორდოს“ შინ დაუზავდა – 0:0. ჩაკვეტაძემ ფრანგების წინააღმდეგ 87 წუთი ითამაშა. ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ჯერ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არაა და „გენტს“ ვერ ეხმარება.

ჯიმი ტაბიძის „უფა“ გლაზგოში „რეინჯერსმა“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველმა შოტლანდიელების წინააღმდეგ შეხვედრა ძირითად შემნადგელობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

ევროპის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები 30 აგვისტოს გაიმართება და ჯგუფში მოხვედრილი გუნდების (და შესაბამისად, ქართველების) ვინაობა ცნობილი გახდება.