ქართველი გოგონები გამარჯვებას გაუშინაურდნენ - ბაჯელიძის გუნდმა გასვლაზე ბელარუსი დაამარცხა
ქართველი გოგონები გამარჯვებას გაუშინაურდნენ - ბაჯელიძის გუნდმა გასვლაზე ბელარუსი დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ბელარუსი 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა ქართველი გოგონების უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი მხოლოდ 82-ე წუთზე გავიდა – 2019 წლის სადებიუტო მატჩში ერთადერთი გოლი მეგი ეჯიბიამ გაიტანა და საქართველომ 1:0 მოიგო.

საქართველო U17: სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი (კაპიტანი), მეგი ეჯიბია, ანა წულაია, ნათია დანელია, მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე, ლიზი მწყერაშვილი, ნათელა წოწერია.

სათადარიგოები: ლანა მჟავია, ანა აკობიძე, მეგი გოცირიძე, ანა ძაძუა, მარიამ რომანჩუკი, სალომე თოდუა, ქეთევან ცაავა.

„ჩვენმა ნაკრებმა ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა, პრაქტიკა გვაკლდა და რთული შეხვედრა გამოვიდა. ბელარუსი კი ძლიერი გუნდია. უპირველესად ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. ამიტომ, დღევანდელ მატჩს და შედეგს, დადებითად ვაფასებთ. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, დავინახეთ ბევრი შეცდომა, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ელიტ-რაუნდში ბელარუსთან შედარებით, ძლიერი მეტოქეები გველის და გუნდი ყველა თვალსაზრისით, ფორმაში უნდა იყოს“ – ამბობს ლევან ბაჯელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, სადაც ჩვენი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდია, შვედეთი და ლატვია. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველ 17-წლამდე გოგონებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება პირველად მოიპოვეს. ახლა გუნდი ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება და მინსკში მეორე სპარინგს 24 თებერვალს გამართავს. შემდეგ გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და მცირედი შესვენების შემდეგ, თბილისში 9 მარტიდან შეიკრიბება.

დატოვე კომენტარი