ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი დებიუტი ტოპლიგაში - გოგლიჩიძემ „ემპოლის“ შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
საბა მამაცაშვილის „სირიუსმა“ შვედეთის ალსვენსკანში გასვლითი მატჩი ჩაატარა „ვესტეროსთან“ და 2:1 გაიმარჯვა. „იბერიიდან“ შვედურ კლუბში ახლახანს გადასული მცველი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ლადო მამუჩაშვილმა ტირასპოლის „შერიფის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მოლდოვის სუპერ ლიგაში „მილსამთან“ – ქართველი ნახევარმცველის გუნდმა საშინაო შეხვედრა 1:1 დაასრულა.
შვეიცარიის სუპერლიგაში „სიონი“გაბრიელ სიგუას „ბაზელს“ დაუზავდა 1:1. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი ტრავმირებულია და ვერც გუნდს დაეხმარა და „ჯვაროსნების“ შეკრებაზეც ვერ გამოცხადდება.
იტალიის სერია A-ში შესანიშნავი ამბავი მოხდა – საბა გოგლიჩიძე კიდევ ერთი ქართველია, რომელმაც ტოპლიგაში ითამაშა. ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილი მცველი ერთი წელია „ემპოლიშია“, მაგრამ სადებიუტო შეხვედრა ახლა ჩაატარა და თანაც შეუცვლელად – 90 წუთი და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7,4 ქულა მიიღო.
გოგლიჩიძე მოულოდნელად „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა „ბოლონიასთან“ მატჩში, რომელიც ფრედ დასრულდა – 1:1. საბა საზონოვი პირველად გამოჩნდა „ემპოლის“ შემადგენლობაში, მაგრამ არ უთამაშია.