ქართველი ესპანიოლში მიიწვიეს - კატალონიელებმა 20 პროექტიდან ჩემი წინადადება მოიწონეს
ქართველი ესპანიოლში მიიწვიეს - კატალონიელებმა 20 პროექტიდან ჩემი წინადადება მოიწონეს
ზურაბ ჩაკვეტაძე ცნობილ ესპანურ კლუბში, „ესპანიოლში“ პროექტების მენეჯერად მიიწვიეს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თავად ქართველმა მენეჯერმა განაცხადა.
 
ის ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი დირექტორია, ამჯერად კი კატალონიურ კლუბში მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა შესთავაზეს. ზურაბ ჩაკვეტაძემ ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„2006-2011 წლებში ესპანეთში ვცხოვრობდი და ურთიერთობა ბევრ საინტერესო ადამიანთან მქონდა. სპორტული მენჯმენტის გამოცდილება გამაჩნდა და „ტორპედოში“ რომ ვმუშაობდი, ამ კუთხით კავშირები აღვადგინე. გუნდიდან წასვლის შემდეგ ბარსელონიდან ძველი ნაცნობი დამიკავშირდა და „ესპანიოლის“ ახალ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. კლუბი ჩინელებმა შეისყიდეს, რომელთაც მართვის სისტემის გაუმჯობესება სურთ. ამ მიზნით შიდა კონკურსი ჩაატარეს. ამ დროს დაინტერესდნენ ყველა იმ მენეჯერის მოსაზრებებით, რომელთაც კლუბთან კავშირი ჰქონდათ. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. საბოლოოდ 20 პროექტიდან ჩემი წინადადება მოიწონეს. „ესპანიოლი“ ახალი პროექტის განხორციელებას ხვალიდან, 5 სექტემბრიდან იწყებს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ჩაკვეტაძე.
ჩაკვეტაძის თქმით, „ესპანიოლის“ მოთამაშეები მზად არიან, ევროთასებზე ქართულ გუნდებს დაეხმარონ:
„ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ესპანიოლის“ კავშირების ამოქმედებაზე ვფიქრობდი და დღემდე ვფიქრობ. „ესპანიოლიდან“ მოთამაშეების დამატება არ გაჭირდება. დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე ქართულ გუნდში სიამოვნებით ვითამაშებთო. მათი დუბლების მოთამაშეები კი ჩვენ ძალიან დაგვეხმარებიან. ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც 2-3 წელიწადში ლა ლიგაში ითამაშებენ“.
საფეხბურთო კლუბი „ესპანიოლი“ ქალაქ ბარსელონადანაა. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ ჩრდილქვეშაა მოქცეული, ის ესპანეთში ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბების ექვსეულშია.