ქართველი ესპანეთის ტურის „მეფეებშია“ - მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესოთა გამოკითხვაში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის გამორჩეული მოთამაშეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ლა ლიგის ოფიციალურ გვერდებზე ვრცელდება.
„ესენი არიან Budweiser-ის გამარჯვებულები, ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩების მეფეები – ვინ არის თქვენი ფავორიტი?“, – ამ კითხვით მიმართა ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივრებს და ტურის გმირის გამოვლენა მიანდო.
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე ბოლო ტურში „კადისთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ანუ „მეფედ“ დაასახელეს. მე-40 წუთზე ალვარო ნეგრედოს ახლოდან დარტყმის შემდეგ ბურთი კუთხურზე მოიგერია, გუნდი გოლისგან გადაარჩინა და გამოსვლებზეც საიმედოდ ითამაშა.
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთედ მოედანი ისე დატოვა, გოლი არ გაუშვია, სულ კი მისი უგოლო სერია 477 წუთია გრძელდება.
„ვალენსიას“ ქართველი მეკარის გარდა, ტურის „მეფის“ წოდებისთვის იბრძვიან პედრი (ბარსელონა), ხუანმი (ბეტისი), ჟოაო ფელიქსი (მადრიდის ატლეტიკო), ტიბო კურტუა (რეალი), ბორხა მაიორალი (ხეტაფე), ალეკსანდრ ისაკი (რეალ სოსიედადი), ხოსე ლუის მორალესი (ლევანტე) ალექს ბერენგუერი (ბილბაოს ატლეტიკი), ხორხე მოლინა (გრანადა).