ქართველი ექიმები დუბაიში სპორტული მედიცინის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ სამედიცინო შტაბის წევრმა ირაკლი ხვადაგიანმა კომენტარი გააკეთა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში გამართულ სპორტული მედიცინის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც საქართველოს სპორტული მედიცინის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები.
ირაკლი ხვადაგიანმა საფეხბურთო კარიერა სამი წლის წინ დაასრულა და „სამგურალის“ სამედიცინო შტაბში დაიწყო მუშაობა. დღეს კი ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.
„თავიდანვე დაინტერესებული ვიყავი მედიცინით. ჩემს განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბატონმა დიმიტრი ზაალიშვილმა, რომელიც წლებია „სამგურალის“ სამედიცინო შტაბს ხელმძღვანელობს და სპორტულ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.
დუბაიში გამართულ სპორტული მედიცინის კონფერენციაზე საქართველოდან ექვსკაციანი ჯგუფი ვიმყოფებოდით, რომელსაც მერაბ ვარძუკაშვილი ხელმძღვანელობდა. კონფერენცია წლეულს პირველად ჩატარდა და ყოველწლიურად გაიმართება.
იქ სხვადასხვა სპორტის სახეობების, კლუბების, პარასპორტისა და ქალთა სპორტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ლექცია ჩატარდა საფეხბურთო მედიცინის საკითხებზე. მერაბ ვარძუკაშვილის მეგობრების მიწვევით ვიმყოფებოდით ფიფა-ს სამედიცინო ცენტრში, სადაც ვნახეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ტრენაჟორები, ფიზიო-კაბინეტები, თანამედროვე აპარატურა), რომლებსაც სპორტსმენების რეაბილიტაციისთვის იყენებენ.
კონფერენცია პროფესიული ზრდის თვალსაზრისით პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავეცანი ბევრ სიახლეებს, თანამედროვე მიდგომებს, მოგვცეს საინტერესო თეორიული მასალა, რასაც კლუბის სამედიცინო შტაბთან ერთად პრაქტიკაში განვახორციელებთ“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.