საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურში გერმანიის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ნაკრების გერმანიასთან დაპირისპირება ქუთაისში, „აია არენაზე“ 16:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ბორჯღალოსნებს აქამდე ქუთაისში სამჯერ უთამაშიათ და სამი გამარჯვება აქვთ – ნაკრებმა არსებობის ისტორიაში თავისი პირველი მატჩი 1989 წელს სწორედ ამ ქალაქში გამართა და ზიმბაბვეს ანგარიშით 16:3 მოუგო; 2005 წელს გუნდმა ერთა თასზე (ახლანდელი რაგბი ევროპა) ჩეხეთს უმასპინძლა და ანგარიშით 75:10 გაიმარჯვა. გასულ წელს კი ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში ბელგია „აია არენაზე“ მიიღო და ანგარიშით 47:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნულ გუნდს გერმანიის ნაკრებთან აქამდე შვიდი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველა მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობა 2010 წელს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაფიქსირდა – 77:3, შარშან კი ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ოფენბახში 64:0 მოუგეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – უკანა ხაზი: ლაშა ხმალაძე, მირიან მოდებაძე, მერაბ შარიქაძე (კაპ), ლაშა მალაღურაძე, სოსო მათიაშვილი, თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე.
შერკინება: ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე, ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე.
მარქაფა: სანდრო თოდუა, დავით კაჭარავა, ვასილ ლობჟანიძე, ვანო კარკაძე, გიორგი მელიქიძე, ლევან ჩილაჩავა, დავით გიგაური, ნოდარ ჭეიშვილი.