ქართველებმა შეცვლაზე ითამაშეს - „ლეხი“ და „რაკუვი“ ლიდერობენ #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველებმაც ითამაშეს – თუმცა, განსაკუთრებული წარმატების გარეშე.
ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხი“ ვარშავაში ჩემპიონ „ლეგიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის მოხვდა და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – 54-ე წუთზე „ლეგიას“ კარში მიხაილ იშაკმა გაიტანა, რომელსაც მეორედ მასპინძელთა კარის აღების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ 90+3-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
საინტერესოა, რომ სათადარიგოებში იყო და 76-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა ვაკო გვილიაც, რომლის „რაკუვმაც“ ასევე გასვლაზე ერთბურთიანი სხვაობით მოიგო. ქართველის გუნდი ვროცლავაში „შლიონსკს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერებშია. 11 ტურის შემდეგ მოპოვებული 24 ქულით, პოზნანის „ლეხმა“ პირველი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „რაკუვი“ 21 ქულით მესამე ადგილზეა.