ქართველების უიღბლო ტური კვიპროსში - მხოლოდ ხარაბაძის გუნდმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი ფეხბურთელების გუნდებისთვის კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტური უიღბლო გამოდგა – 4 გუნდიდან მხოლოდ ერთმა მოიგო.
გიორგი ლორიას „ანორთოსისმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და მოქმედ ჩემპიონ „აპოლონთან“ 0:1 დამარცხდა.
კვიპროსის სუპერლიგის მე-6 ტურის შეხვედრა ფამაგუსტელებმა საკუთარ სტადიონზე ჩაატარეს და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, მაინც დამარცხდნენ. გიორგი ლორიამ „ანორთოსისში“ შეუცვლელად ითამაშა, ავთო ებრალიძემ კი თამაში ტრავმის გამო გამოტოვა.
ლორია პირველად თამაშში 24-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც პირისპირ გასულ თავდამსხმელს ფეხებში ჩაუხტა და გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა, მაგრამ 65-ე წუთზე იოანის პიტასის თავური დარტყმის შემდეგ ბურთის მოგერიება ვეღარ შეძლო და „ანორთოსისი“ 0:1 დამარცხდა.
ამავე ტურში „აპოელმა“ შინ „კარმიოტისა“ ვერ დაამარცხა – 0:0. გიორგი ქვილითაიამ ძირითადში ითამაშა, მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში დარჩა, ლაშა დვალი კი განაცხადში ჯერ ვერ მოხვდა. გასვლაზე დამარცხდა რეზი ინჯგიას „დოქსა“ – „აპოლონიდან“ იჯარით გადასულ ქართველ ფეხბურთელს ჯერ ჩემპიონატში „დოქსას“ ფორმით არ უთამაშია.
ამ ტურში ქართველების გუნდებიდან მხოლოდ „პაფოსმა“ მოიგო, რომელმაც „ენოსისი“ მიიღო და 3:0 სძლია. ლევან ხარაბაძე მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა.