სლოვაკეთის თასის 1/4-ფინალში ბრატისლავის „სლოვანი“ (სადაც სამი ქართველი თამაშობს) „შამორინს“ ესტუმრა და რანგით მეორე ლიგის გუნდი მხოლოდ პენალტების სერიაში დაამარცხა.
თასის მეოთხედფინალში ვლადიმირ ვაისმა, ფაქტობრივად, შემადგენლობა რეზერვისტებით დააკომპლექტა – გუნდში ქართველების გადასვლის შემდეგ ეს პირველი მატჩი იყო, როდესაც ვლადიმირ ვაისმა „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში ისინი არ დააყენა – ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოებში იყვნენ, გურამ კაშია კი საერთოდ დაასვენა და განაცხადშიც არ იყო.
ბრატისლაველებმა თამაში ცუდად დაიწყეს – მე-7 წუთზე „შამორინის“ თავდამსხმელმა ლუკაშ საბომ მასპინძლები დააწინაურა. მაგრამ ტიგრან ბარსეგიანმა 41-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და ტაიმი ასეც დასრულდა.
მეორე ტაიმში „სლოვანმა“ უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა და ვაისმა თამაშის მოსაგებად მოედანზე რამდენიმე ლიდერი შეუშვა, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძე (68-ე წუთზე). შეხვედრა 1:1 დასრულდა და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „სლოვანმა“ შეასრულა (3:4) და სლოვაკეთის თასის 1/2-ფინალში გავიდა.