ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის თასის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა – ვლადიმირ ვაისის გუნდი ფინალში ტრნავის „სპარტაკს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
ფინალურ დაპირისპირებაში „სლოვანის“ მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა – გიორგი ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ კი სრულად ითამაშეს.
57-ე წუთზე „სლოვანი“ დაწინაურდა – ალექსანდრ ჩავრიჩის გადაცემით ანდრე გრინმა ანგარიში გახსნა. „სლოვანი“ ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ 86-ე წუთზე აბდულრაჰმან ტაივოს გოლით „სპარტაკმა“ წონასწორობა აღადგინა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
ტრნაველებმა „სლოვანს“ მეორე დამატებულ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს. 110-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ იაკუბ პაულიმ მცველებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. 120+4-ე წუთზე კი ფილიპ ტვარძიკმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „სპარტაკმა“ 3:1 მოიგო და სლოვაკეთის თასის მფლობელი გახდა.