ქართველების სამი ოქრო პორტუგალიიდან
ქართველების სამი ოქრო პორტუგალიიდან

ლევან ქელეხსაშვილი, დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი საპლაჟო ჭიდაობის მსოფლიო სერიის პირველი ტურნირის გამარჯვებულები არიან.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ჩავესში 29-30 მარტს გამართულ მსოფლიოს სერიის პირველ სალიცენზიო ტურნირზე ოთხი წონითი კატეგორიიდან სამში გამარჯვება მოიპოვა.

ქელეხსაშვილმა (70 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ილიასლის 2-2-ზე ბოლო ქულის ხარჯზე მოუგო, ხუციშვილმა (80 კგ) აზერბაიჯანის კიდევ ერთ წარმომადგენელ იუსუბოვს საჩემპიონო ბრძოლაში 3-0 სძლია.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა კი ოქროს მედლისათვის თურქი მურატ ოზკანი 3-0 დაამარცხა. სტეფანწმინდელი ფალავანი ტურნირზე შესრულებული საუკეთესო გდებისათვისაც დაჯილდოვდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩავერთე საპლაჟო სახეობაში და დებიუტი გამარჯვებით ავღნიშნე. პლიაჟის ჭიდაობა გასაოცარია. აქ სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევს“ – აღნიშნავს მარსაგიშვილი.

საქართველოს ნაკრებს ჯემალ კილაძე და აკაკი კუნჭულია ხელმძღვანელობდნენ, ჩვენს დელეგაციას კი გიორგი ლომიძე თავკაცობდა.

აღნიშნული ტურნირი სან-დიეგოს ქვიშის თამაშებზე მოსახვედრი პირველი სალიცენზიო ტურნირია. დაგეგმილია კიდევ 3 მსოფლიოს სერიის ტურნირი, სადაც სპორტსმენები სალიცენზიო ქულებს დააგროვებენ.