ქართველების სამეული საქმეშია - „სლოვანმა“ ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
ქართული სამეულის ბრატისლავას „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტი „დუნაისკა სტრედა“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების ლიდერთან სხვაობა შეამცირა.
„კორგონ ლიგის“ (სლოვაკეთის ჩემპიონატი) საჩემპიონო ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს გურამ კაშიამ (75-ე წუთზე შეცვალეს) და ჯაბა კანკავამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მეოდანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა.
მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ნახევარში სტუმრებმა გახსნეს – 64-ე წუთზე „დუნაისკა სტრედა“ შოლტ კალმარმა დააწინაურა. „სლოვანმა“ იბრძოლა და მიზანს მიაღწია. ამ დროისთვის ჩაკვეტაძე უკვე მოედანზე იყო. ზუსტად ორ წუთში ალეკსანდერ ჩავრიჩმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 70-ე წუთზე მალიქ აბუბაქარმა ბრატისლაველებს გამარჯვება და საჩემპიონო შანსი დაუბრუნა, 2:1.
საჩემპიონო ჯგუფში გამართული 4 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედა“ (57 ქულა) ისევ ლიდერობს, რომელსაც „სლოვანი“ უკვე მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.