ქართველების „როტორი“ გაწირეს - რუსეთის პრემიერლიგამ კონკურენტების საეჭვო საქციელს ლეგიტიმაცია მიანიჭა #1TVSPORT
ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, რუსეთის პრემიერლიგიდან კონკურენტების საეჭვო გადაწყვეტილებების საშუალებით გამოაგდეს, რუსული ლიგის ხელმძღვანელებმა კი მათი საქციელი გაამართლეს.
ბოლო, 30-ე ტურში ლიგიდან გავარდნილი და ევროთასების მონაწილე კლუბების ვინაობა უნდა გარკვეულიყო და ამის გამო ყველა მატჩი ერთ დროს დაინიშნა. თუმცა, უპრეცედენტო რამ მოხდა – მაღალი ტემპერატურისა და მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით, ვოლგოგრადელთა უშუალო კონკურენტების, „უფას“ და ტულას „არსენალის“ მატჩის დაწყება 2 საათით გადაიდო. ამ დროისთვის კი უკვე ცნობილი იყო ვოლგოგრადელთა შედეგი -„როტორმა“ ყაზანში „რუბინთან“ 1:1 ითამაშა, 22 ქულა დააგროვა და მთლიანად კონკურენტების მატჩის შედეგზე დამოკიდებული გახდა.
„უფამ“ 2:1 მოიგო და „არსენალთან“ ერთად ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „როტორი“ პირველ ლიგაში დაქვეითდა. „უფამ“ 25 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა, „არსენალმა“ (23) – მე -14, ხოლო „როტორი“ (22) მე-15 ადგილზე გავიდა და ლიგიდან გავარდა.
„უფა” – „არსენალის“ მატჩის გადადების შესახებ განცხადება რუსეთის პრემიერლიგის ადმინისტრაციამ გაავრცელა და ფაქტობრივად, „როტორის“ კონკურენტების საეჭვო გადაწყვეტილებას ლეგიტიმაცია მიანიჭა.
„მატჩის გადადების გადაწყვეტილება მატჩის მონაწილეთა და მაყურებელთა ჯანმრთელობის მიზნით მიიღეს – პრემიერლიგის დებულების 6.5 პუნქტის საფუძველზე. სხვა მატჩის გადადების საგანგებო საფუძველი არ არსებობდა“ – ნათქვამია რუსეთის პრემიერლიგის ადმინისტრაციის განცხადებაში.