ქართველების გუნდებიდან მხოლოდ „ლეხმა“ მოიგო - კაკაბაძის „კრაკოვია“ სტუმრად დამარცხდა #1TVSPORT
ქართველების გუნდებიდან მხოლოდ „ლეხმა“ მოიგო - კაკაბაძის „კრაკოვია“ სტუმრად დამარცხდა #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატში „კრაკოვია“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე თამაშობს, „კორონასთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოთა შორის იყო და 61-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, მწვრთნელმა მოედანზე შეუშვა. ხუთ წუთში სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს და, საბოლოოდ, დამარცხდნენ.

ნიკა კვეკვესკირი „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა „ლეგნიცასთან“ საშინაო მატჩში, შეუცვლელად ითამაშა და პოზნანელებს მოგებაში დაეხმარა – 1:0. საქართველოს ნაკრების მეორე ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კი „ლეხის“ ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

„ზაგლებიე“ ვარშავის „ლეგიასთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა 1:2. თორნიკე გაფრინდაშვილი მოედანზე მხოლოდ არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე გამოჩნდა, გურამ გიორბელიძე კი განაცხადში არ იყო.

19 ტურის შემდეგ „ლეხი“ 33 ქულით მე-3 ადგილზეა, „კრაკოვია“ (28) მე-6 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „ზაგლებიე“ (20) მე-15 პოზიციაზეა.