ამ უქმეებზე უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა თავი შედეგიანი თამაშით გამოიჩინა.
გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიის „ერედივიზიეს“ 23-ე ტურში „ტვეტეს“ ძირითად შემადგენლობაში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, „ალკმაართან“ ითამაშა და 25-ე წუთზე ანგარიში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა. გიორგიმ 14 შეხვედრაში მეორედ გაიტანა, ხოლო ძირითადში პირველად ითამაშა. აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა, „ტვენტემ“ კი 2:0 მოიგო და 27 ქულით ლიგაში მე-12 ადგილზეა.
უნგრეთში კი მორიგი გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც „მეზოკოვეშდს“ წინსვლაში ეხმარება და მშვენიერ ფორმაშია. 25 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდი 21-ე ტურში „დებრეცენს“ ესტუმრა და 3:1 სძლია, ზივზივაზემ მეტოქის კარგი 37-ე წუთზე აიღო, ეს „მეზოკოვეშდის“ მეორე გოლი იყო, რამაც მეტოქე საბოლოოდ გატეხა. ქართველმა 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი 38 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერს, ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“, მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება. ზივზივაძემ მეშვიდე გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირებს, არმინ ჰოჯიჩს და დევიდ ლანზაფამს მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება.
საბა ლობჟანიძემ „ანკარაგუჯუში“ მესამე შეხვედრა ჩაატარა. პირველ ორ მატჩში თურქეთში ძელების სიმყარე შეამოწმა, თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში კი ამ ქვეყნის გრანდ „ფენერბაჰჩესთან“ შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ქართველოს გადაცემით მის თანაგუნდელს გატანა შეეძლო და ახლოდან ააცილა. მე-13 წუთზე კი საბამ თურქეთში პირველად გაიტანა და ტრადიცია არ დაარღვია – საბამ ჟესტიკულაციით ისევ საათი გამოსახა და აჩვენა, რომ ახლაც მისი დროა. 25 წლის ქართველ თავდამსხმელს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გაიტანა. საბამ „ანკარაგუჯუს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 73-ე წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა კი 2:1 მოიგო.
თურქეთში თავი ლევან შენგელიამაც გამოიჩინა – ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითაამშა. მისი გადაცემით „კონიასპორი“ ომერ ალი საჰინერმა „გიოზტეპესთან“ საშინაო შეხვედრის 34-ე წუთზე დაააწინაურა, მაგრამ საბოლოოდ ქართველის გუნდი 1:3 დამარცხა და ლობჟანიძის „ანგარაგუჯუსთან“ ერთად 20 ქულით მე-14-მე-15 ადგილებს იყოფს.
პოლონეთის „ექსტრაკალსას“ 22-ე ტურში გათამაშების ლიდერმა ვარშავის „ლეგიამ“ მეცხრეადგილოსანი „რაკოვი“ ვერ დაამარცხა – 2:2. 74-ე წუთზე ვარშაველელებმა მეორე გოლი ქართველის გადაცემით გაიტანეს. „ლეგია“ 42 ქულით ისევ ლიდერია.
ამ კვირაში თავი გიორგი ჩაკვეტაძემაც გამოიჩინა. მისმა „გენტმა“ გასვლაზე „ეუპენი“ 3:2 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 84-ე წუთზე ალესიო კასტრო-მონტესმა გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. გიორგი მოედანზე 68-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას ნაცვლად გამოჩნდა. ქართველების გუნდი 26 ტურის შემდეგ მოპოვებული 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბრიუგეს“ 9 ქულით ჩამორჩება.