გაიმართა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ.
სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და ბელგიურ „გენტს“ ჩეხურ გუნდთან, ლიბერცის „სლოვანთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარა. L ჯგუფში ბელგიელებმა მეტოქე საშინაო „გელამკო არენაზე“ მიიღეს და 1:2 დამარცხდნენ.
H ჯგუფში ფრანგულმა „ლილმა“ პრაღის „სლავია“ შინ 2:1 დაამარცხა. წინა ტურში გლაზგოს „სელტიკთან“ მოგებულ შეხვედრაში (4:1) პრაღელთა განაცხადში 19 წლის ქართველი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი იყო. მაგრამ ამჯერად ის სამატჩო ოქმში არ ყოფილა.
D ჯგუფში პოზნანის „ლეხი“ ლისაბონში „ბენფიკას“ ესტუმრა და 0:4 დამარცხდა. ნიკა კაჭარავა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენებამდე კი დაშავდა და 42-ე წუთზე იძულებით შეცვალეს.
E ჯგუფში კვიპროსულმა ნიქოზიის „ომონიამ“ საშინაო არენაზე სალონიკის პაოკ-ს უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია ნიკა ნინუას, რომელიც, სამწუხაროდ, ამ გუნდში იშვიათად თამაშობს. ბერძნულ კლუბში ზაფხულში ჩარიცხულმა ქართველმა ნახევარმცველმა პაოკ-ის ფორმა სულ ხუთჯერ მოირგო და ერთი გოლი გაიტანა.
ავსტრიულ „ვოლფსბერგერზე“ ცალკე პუბლიკაციის ხილვა შეგიძლიათ – ავსტრიელებმა მოსკოვში ცსკა 1:0 დაამარცხეს. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა – 7,2 ქულა. გურამ გიორბელიძემ ამჯერად დაისვენა.