ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში, ქართველების ორი გუნდი მიზანს დაუახლოვდა. გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსამ” საკუთარ სტადიონზე “ვალიადოლიდი” 3:2 დაამარცხა.
62-ე წუთზე, “სარაგოსა” 2:1-ს იგებდა, როდესაც მოთამაშე გაუგდეს. სარაგოსელებმა უპირატესობა მაინც შეინარჩუნეს და 3:2 მოიგეს. გუნდი 68 ქულითა მეოთხე ადგილზეა და პრიმერა დივიზიონის გადასასვლელ ფლეი-ოფში ითამაშებს. პაპუნაშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.
ოთარ კაკაბაძის ტარაგონას “ხიმნასტიკი” განსხვავებული ამოცანის გადაწყვეტა უწევს – გუნდი ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. ამის ფონზე, ტარაგონელებმა სენსაციური შედეგი დააფიქსირეს – მათ ლა ლიგაში გადასული “ჰუესკა” გასვლაზე 1:0 დაამარცხეს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგეს. “ხიმნასტიკი” 49 ქულით მე-14 ადგილზე დაწინაურდა. მაგრამ უკან 4 გუნდი მიჰყვება და ბოლო ტურში მოგება სჭირდება.
ტრადიციულად, კაკაბაძე “ხიმნასტიკის” ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გიორგი აბურჯანიას “სევილია B”-მ კი შინ “ნუმანსია” 2:1 დაამარცხა, მაგრამ ლიგიდან გავარდა. ქართველი ნახევარმცველი განაცხადშიც არ იყო და უცნობია, მომავალ სეზონში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს რომელ გუნდში ვიხილავთ.