ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - გვილიას თამაშმა მეტოქეც აღაფრთოვანა
ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. გაზაფხულის ეტაპის აღმოჩენად მონათლულმა ქართველმა 33-ე ტურში თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
გვილიას გუნდმა – ზაბჟეს „გურნიკმა“ გიორგი გაბედავასა და გიორგი ივანიშვილის სოსნოვიეცის „ზაგლემბეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა. გვილია მეორე და მესამე საგოლე შეტევებში მონაწილეობდა: 37-ე წუთზე საჯარიმოში ხესუს ხიმენესი მოძებნა, რომელმაც ორი მცველის წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტოქის კარი აიღო. მეორედ, 43-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მეკარესთან პირისპირ ასევე ესპანელი ლეგიონერი, იგორ ანგულო დატოვა. გვილიამ 26-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, მე-80 წუთზე კი, როდესაც ყველაფერი გარკვეული იყო, მოედანი დატოვა.
„ზაგლემბეში“ მხოლოდ გაბედავამ ითამაშა, რომელიც მოედანზე 41-ე წუთზე გამოჩნდა. 33 ტურის შემდეგ, აუტსაიდერთა ჯგუფში გვილიას „გურნიკი“ 40 ქულით მესამე ადგილზეა და ლიგაში დარჩენა გარანტირებული აქვს. „ზაგლებიე“ კი 28 ქულით ბოლო საფეხურზეა და დიდი ალბათობით, დაქვეითება ელოდება.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო გვილიას კარგი თამაში მეტოქის, „ზაგლემბეს“ ოფიციალურმა გვერდმაც აღნიშნა და ამ მატჩის ხასიათის შესაბამისი სურათი გამოაქვეყნა – როგორ გასცდა გვილია მოედანზე წაქცეულ „ზაგლემბეს“ მცველს.
„თუკი თქვენ წინააღმდეგ ისეთ ნახევარმცველი თამაშობს, როგორიც ვალერიან გვილიაა, ადრე თუ გვიან ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც მას სურს. ქართველი მოედნის ცენტრში თავისიანთა თამაშს წარმართავდა, ჩვენი გუნდის თამაშს კი – შლიდა“, – წერს „ზაგლემბეს“ ოფიციალური გვერდი.