ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - „არკას“ სხირტლაძის საგოლემ ვერ უშველა
ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - „არკას“ სხირტლაძის საგოლემ ვერ უშველა

პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ვაკო გვილიას „ლეგიამ“ დავით სხირტლაძის „არკას“ უმასპინძლა და დიდი უპირატესობით დაამარცხა – 5:1.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გვილია „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. „ჯვაროსნების“ კანდიდატმა სხირტლაძემ მატჩი „არკას“ სასტარტოში დაიწყო და მოედანი 77-ე წუთზე დატოვა. სტუმართა ერთადერთი გოლი სწორედ მისი მონაწილეობით გავიდა.

ვარშავაში გამართული შეხვედრა მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო. „არკამ“ ანგარიში ძალიან სწრაფად, 42-ე წამზე გახსნა. სხირტლაძემ თავით კარის წინ ბურთი დაუგდო ადამ დანჩის, რომელმაც ვარშაველთა კარი აიღო. თუმცა, „ლეგიამ“ ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი მეტოქეს კიდევ ოთხჯერ გაუტანა და 5:1 მოიგო.

ვაკო გვილიას გუნდმა პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურის ამ შეხვედრის მოგებით 60 ქულა დააგროვა და კონკურენტ „პიასტს“ (რომელმაც „გურნიკთან“ საშინაო მატჩში ქულა დაკარგა – 0:0) უკვე 10 ქულით უსწრებს. „არკა“ 28 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და აუტსაიდერთა ჯგუფში ითამაშებს.