ქართველების დაპირისპირება კვიპროსში ფრედ დასრულდა - ოქრიაშვილი და ქვილითაია შესვენებაზე შეცვალეს #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ნიქოზიაში „აპოელმა“ გათამაშების ლიდერს, ლიმასოლის „აპოლონს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა.
მასპინძელთა რიგებში სამივე ქართველმა ითამაშა – თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ პირველი ტაიმის წაგების (0:1) შემდეგ, მწვრთნელმა ორივე შესვენებაზე შეცვალა, 67-ე წუთზე კი შეცვლაზე მურთაზ დაუშვილი გამოვიდა. „აპოლონში“ 83-ე წუთზე გამოჩნდა რეზი ინჯგია, გიორგი პაპუნაშვილი კი განაცხადში იყო და არ უთამაშია.
ქვილითაიას თავის გამოჩენა ორჯერ შეეძლო, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა, 28-ე წუთზე კარის წინ მცველმა დაასწრო. 45-ე წუთზე კი მას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ კარის წინ გახსნილმა ახლოდან ბურთი ააცილა.
1:1-ზე ლიმასოლის „აპოლონის“ 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, რეზი ინჯგიამ კარგი შეტევა წამოიწყო, რომლის დაგვირგვინებაც პირველი გოლის გამტან ბაგალი დაბოს შეეძლო, მაგრამ მცველი გადაეფარა და ვერ გაიტანა.
14 ტურის შემდეგ „აპოლონი“ 29 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო „აპოელი“ 17 ქულით მე-7 პოზიციაზეა და პირველ ექვსეულში მოსახვედრად (საჩემპიონო ბრძოლას საუკეთესო 6 გუნდი გააგრძელებს) მძიმე ბრძოლა მოუწევს.