ქართველების დაპირისპირება ბელგიაში - მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, შენგელიამ საგოლე შეასრულა #1TVSPORT
ბელგიის ჩემპიონატში ქართველების გუნდების დაპირისპირება გაიმართა, სადაც გიორგი მიქაუტაძემ და ლევან შენგელიამ თავის გამოჩენა მოახერხეს.
მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა და „სერენს“ ჯუპილერლიგის შეხვედრის მოგებაში დაეხმარა, ხოლო შენგელიამ „ლეუვენში“ საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც მის გუნდს თამაშის გადარჩენაში ვერ შეეშველა.
„სერენი“ „ლეუვენს“ ესტუმრა, რომლის ფორმითაც ლევან შენგელია მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა, როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირდა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.
21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-20 გახსნა, ხოლო 71-ე წუთზე იუსუფ მასიზმა მასპინძელთა კარი მეორედ აიღო. ლევან შენგელიამ ამის შემდეგ გამოიჩინა თავი – 73-ე წუთზე მეტიუ მარტენსმა სხვაობა მისი საგოლე გადაცემით შეამცირა, მაგრამ „სერენმა“ 86-ე წუთზე ჯერალდ კილოტას გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
15 ტურის შემდეგ „ლეუვენმა“ 17 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა, მას ქულით და ადგილით ჩამორჩება „სერენი“. გიორგი მიქაუტაძემ 9 მატჩში თავისი ანგარიში 6 გოლამდე გაზარდა.