ქართველების „ბალმაზუივაროში“ ლიგიდან გავარდა - ბაჩანა არაბულმა შესაძლოა, კლუბი დატოვოს
„ბალმაზუივაროში” უნგრეთის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა. ქართველების საფეხბურთო გუნდმა ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე ოქროს მედლების ერთ-ერთ კანდიდატს, „ფერენცვაროშს” უმასპინძლა და სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.
ირაკლი მაისურაძე და ბაჩანა არაბული „ბალმაზუივაროშის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეხვედრის ბოლოს შეცვალეს. ლაშა შინდაგორიძე კი ტრავმირებულია და დღემდე მკურნალობას გადის.
არაბულმა 28-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ კი შეხვედრა 3:3 დასრულდა. “ფერენცვაროში” კონკურენტ “ვიდეოტონს” ორი ქულით ჩამორჩა და მხოლოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. “ბალმაზუივაროშმა” კი 36 ქულა დააგროვა, ისევე როგორც “დიოშგიორმა”, მაგრამ ამ უკანასკნელმა ლიგაში ადგილი მეტი მოგებით შეინარჩუნა.
დიდი ალბათობით, არაბული “ბალმაზუივაროშს” დატოვებს, რადგან მას კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით აკავშირებს, გუნდის გავარდნის შემთხვევა კი ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებას იტოვებდა.