ქართველების „აპოელმა“ კონკურენტი ბოლო წამზე დაამარცხა - ქეცბაიას „ანორთოსისი“ ლიდერს დაუზავდა #1TVSPORT
ქართველების „აპოელმა“ კონკურენტი ბოლო წამზე დაამარცხა - ქეცბაიას „ანორთოსისი“ ლიდერს დაუზავდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, ქართველების გუნდებმა წარმატებით ითამაშეს, მაგრამ სატურნირო მდგომარეობა მხოლოდ ერთმა გაიუმჯობესა.

ქართული სამეულის „აპოელი“ ლარნაკაში მეორეადგილოსანს, აეკ-ს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი (82-ე წუთზე შეცვალეს) გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მურთაზ დაუშვილი კი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა.

ანგარიში მასპინძლებმა 43-ე წუთზე იმად ფარაჯის გოლით გახსნეს. „აპოელმა“ თამაშის შემოტრიალება მეორე ტაიმში მოახერხა. 62-ე წუთზე წონასწორობა ფაკუნდო ზაბალამ აღადგინა. 88-ე წუთზე „აპოელი“ კაცნაკლული დარჩა – ნიქოზიელებს ანტონ მაგლიცა გაუძევეს. ამის მიუხედავად, სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. 90+6-ე წუთზე აეკ-ის კარი ანტრეას კარომ აიღო და „აპოელმა“ 2:1 მოიგო.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ გათამაშების ლიდერს, ლიმასოლის „აპოლონს“ ესტუმრა. სტუმართა კარში გიორგი ლორია იდგა, ხოლო რეზი ინჯგია „აპოლონის“ განაცხადში იყო და არ უთამაშია. 37-ე წუთზე სომა ნოვოტნის გოლით „ანორთოსისი“ დაწინაურდა. „აპოლონმა“ ანგარიში მეორე ნახევარში გაათანაბრა. 63-ე წუთზე ბაგალი დაბოს ზუსტი დარტყმით შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ფინალურ ექვსეულში გამართული ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე „აპოლონია“ (48), „აპოელი“ (43) მეორე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო ქეცბაიას „ანორთოსისი“ (39) მეხუთეზეა.