ქართველები ყაზახეთში სეზონს ივლისიდან განაახლებენ
ქართველები ყაზახეთში სეზონს ივლისიდან განაახლებენ

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 1 ივვისს განახლდება – ინფორმაცია პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ოლჟას აბრაევმა გამოცემა „ვესტისთან“ დაადასტურა.

მისი თქმით, თამაშები უმაყურებლოდ ჩატარდება. მატჩების ორგანიზება დარეგულირდება სპეციალური პროტოკოლით. კლუბებს უფლება დართეს, თამაში სამჯერ შეაჩერონ და ხუთი მოთამაშე შეცვალონ, ხოლო სათადარიგო მოთამაშეთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა – ანუ სულ გუნდი ოქმში 23 ფეხბურთელს შეიყვანს.

ყაზახეთის ჩემპიონატში ზოგმა გუნდმა სამი მატჩი გამართა, ზოგმა – ორი და პირველობა 16 მარტს შეწყდა. ამ დროისთვის, ტურნირის ლიდერია „ასტანა“, რომელსაც შვიდი ქულა აქვს, „ყაირატმა“ და „კაისარმა“ 6-6 ქულა დააგროვეს. 4-4 ქულა აქვთ „ტობოლს“, „ჟეტისუსა“ და „ორდაბასის“. ყაზახეთის პრემიერლიგის ადმინისტრაცია მესამე ტურის მატჩების ჩატარებას 31 მაისს გეგმავდა, მაგრამ პანდემიის გავრცელების გამო ვადამ გადაიწია.

ყაზახეთში პანდემიამდე ორი ქართველი სპეციალისტი მუშაობდა და შვიდი ფეხბურთელი თამაშობდა: შიმკენტის „ორდაბასის“ კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე ავარჯიშებენ, კოსტანაის „ტობოლში“ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ზარანდია თამაშობენ, კიზილორდას „კაისარში“ – გუჯა ლობჟანიძე, პეტროპავლოვსკის „კიზილჯარაში“ – შოთა გრიგალაშვილი და თამაზ ცეცხლაძე, ხოლო პავლოდარის „ირტიშში“ – ლევან კუტალია. თუმცა, კუტალიას გუნდი დაიშალა და ჯერ უცნობია, ქართველი კარიერას სად გააგრძელებს.