ქართველები სამი ქვეყნის ნახევარფინალში - ზოგი ფინალშია, ზოგიც თამაშგარეში
რამდენიმე ქვეყანაში საფეხბურთო თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, სადაც ქართველებმა ითამაშეს.
დავით ხოჭოლავა და დონეცკის “შახტარი“ უკრაინის თასის ფინალში ითამაშებენ. დონბასელებმა ნახევარფინალის ერთრაუნდიან დაპირისპირებაში “მარიუპოლი“ 5:1 დაამარცხეს, ხოჭოლავამ კი შეუცვლელად ითამაშა. ფინალში ”შახტარი” კიევის “დინამოს“ შეხვდება, რომელმაც აღდგენილ დნეპროპეტროვკის ”დნიპრო 1”-ს 4:1 მოუგო.
ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა ირაკლი ძარიას “კუკეშსაც“ – გუნდმა ალბანეთის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გასვლაზე “ლაჩთან“ 0:0 დაასრულა. ქართველის გუნდმა განმეორებითი მატჩი შინ კვლავ ფრედ, 1:1 ითამაშა, მაგრამ შინ გაშვებული მეტი გოლით ეს უფლება მეტოქეს გადაულოცა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
სათასო ბატალიები ბელარუსშიც გაიმართა. გიორგი ქანთარიას გროდნის “ნემანი“ ბორისოვოში ბატე-ს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი გროდნოელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ”ნემანი” გამეორებით მატჩს 2 მაისს უმასპინძლებს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ ბელარუსული ფეხბურთის ლიდერი სასურველი ანგარიშით დაამარცხოს და ფინალში გავიდეს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის თასის ფინალში გავიდა ლუკა ზარანდიას გდინიას “არკა”, რომელმაც ნახევარფინალის ორი მატჩის ჯამში კელჩეს “კორონასთან” გაიმარჯვა.