ქართველები პოლონეთის ლიგაში - ოთარ კაკაბაძემ ნახევარმცველად ითამაშა, ვაკო გვილია „ლეგიაში“ დებიუტის მოლოდინშია #1TVSPORT
ქართველები პოლონეთის ლიგაში - ოთარ კაკაბაძემ ნახევარმცველად ითამაშა, ვაკო გვილია „ლეგიაში“ დებიუტის მოლოდინშია #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატში ქართველების გუნდებმა ითამაშეს, ტურის მატჩი გასამართი მხოლოდ ვაკო გვილიას „ლეგიას“ დარჩა.

თორნიკე გაფრინდაშვილის „ზაგლემბიე“ პლოცკში „ვისლას“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და სტუმართა შემადგენლობაში 58-ე წუთზე გამოჩნდა.

დამარცხდა ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიაც“, რომელმაც ასევე გასვლაზე ითამაშა „პოგონთან“ – 2:3. საქართველოს ნაკრების მცველი კრაკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა – კაკაბაძე მარჯვენა ნახევარმცველი იყო.

გიორგი წიტაიშვილი ამჯერადაც ვერ მოხვდა პოზნანის „ლეხის“ განაცხადში, რადგან მხოლოდ სარეზერვო შემადგენლობაში ათამაშებენ – პოლონეთის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე „ვარტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ნიკა კვეკვესკირი „ლეხის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა (56-ე წუთზე გააფრთხილეს).

პოლონეთის ექსტრაკლასაში ტურის მატჩი სათამაშო მხოლოდ ვაკო გვილიას ვარშავის „ლეგიას“ დარჩა, რომელიც 10 აპრილს „ლეგნიცას“ ესტუმრება. საქართველოს ნაკრების მოთამაშე ყოფილ კლუბში მარტის ბოლოს დაბრუნდა, მაგრამ ჯერ გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.