ქართველები კონფერენს ლიგაზე - ბერიძემ გაიტანა, ევროსეზონს ხოჭოლავა და ლობჟანიძეც განაგრძობენ [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე რამდენიმე ქართველის გუნდმა ითამაშა. აზერბაიჯანულმა „კეშლამ“ საშინაო არენაზე რუსული პრემიერლიგის „სოჭი“ მიიღო და 2:4 დამარცხდა. მერაბ გიგაურმა აზერბაიჯანულ კლუბში სრულად ითამაშა, ისევე როგორც პირველ მატჩში. შემდეგ ეტაპზე კი „სოჭი“ გავიდა (3:0, 4:2).
გორის „დილას“ შემდეგ, სლოვაკურმა „ჟილინამ“ გათამაშებიდან კვიპროსული „აპოლონიც“ გამოაგდო. გასვლაზე 3:1-ის მოგების შემდეგ, „ჟილინამ“ შინ 2:2 ითამაშა. კვიპროსელთა განაცხადში იყვნენ გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია, მაგრამ არ უთამაშიათ.
დანიის ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“ ბელარუსული „ტორპედო ბელაზი“ შინ 4:1 დაამარცხა, განმეორებით შეხვედრაში კი (რომელიც რუსეთში, ყაზანში გაიმართა) 5:0 მოიგო. დანიის ჩემპიონის შემადგენლობაში ამჯერად არ უთამაშია დათა ხოჭოლავას, რომელმაც პირველი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ესტონურმა „ლევადიამ“ სტუმრად ირლანდიურ „დანდალკთან“ 2:2 ითამაშა, ტალინში განმეორებითი მატჩი კი 1:2 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. ესტონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს, ანტონ თოლორდავა კი განაცხადშიც არ იყო – „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, მან კლუბი დატოვა.
„გენტმა“ ნორვეგიული „ვალერენგა“ საშინაო შეხვედრაში 4:0 დაამარცხა, განმეორებითი კი 0:2 წააგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზეა. გიორგი ჩაკვეტაძე მცირე ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში არაა და ბელგიური კლუბის განაცხადში ვერ მოხვდა.
ყარაგანდის „შახტიორმა“ სპლიტში „ჰაიდუკთან“ 0:2 წააგო, შინ კი ძირითად დროში 3:1 მოიგო, დამატებულ დროში მეტოქეს ერთიც გაუტანა და მესამე წრეში გავიდა. ქართველი თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე ყაზახური კლუბის სათადარიგოებში იყო და მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.
უნგრულმა „უიპეშტმა“ შინ ლიხტენშტაინის „ვადუცი“ 2:1 დაამარცხა, გასვლაზე კი 3:1 სძლია. 47-ე წუთზე მასპინძლებს გიორგი ბერიძემ ეფექტურად გაუტანა, რომელმაც უნგრეთის თასის მფლობელ გუნდში შეუცვლელად ითამაშა. მისი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, გიორგიმ კი გუნდი 2:1 დააწინაურა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ „ვადუცი“ მეკარემ გადაარჩინა.
დაბოლოს: ბათუმის „დინამოს“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული „სივასპორი“ დაუპირისპირდება, რომელმაც მოლდოვური „პეტროკლუბი“ ორივე შეხვედრაში 1:0 დაამარცხა.