ქართველები იტალიაში - გელაშვილი ერთთვიანი პაუზის შემდეგ „სპეციას“ დაუბრუნდა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში ქართველების გუნდებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს. 25-ე ტურში „ემპოლიმ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დაასრულა. საბა გოგლიჩიძე მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„ფროზინონემ“ „რომა“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. გიორგი კვერნაძეც მასპინძლების განაცხადში მოხვდა, თუმცა მოედანზე ისიც არ გამოჩენილა. რომაელებიდან თავი გამოიჩინეს დინ ჰუისენმა (38), სერდარ აზმუნმა (71) და ლეანდრო პარედესმა (81).
იტალიის სერია B-ში ივა გელაშვილის „სპეციამ” „ჩიტადელა” 4:2 დაამარცხა. სასიხარულო ამბავია – ერთთვიანი პაუზის შემდეგ ქართველმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და მართალია, ჯერ არ უთამაშია, მაგრამ სამატჩო განაცხადში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე მალე დაბრუნდება.
„კრემონეზემ“, რომელიც სერია A-ში გადასვლისთვის იბრძვის, გასვლაზე „ასკოლისთან“ მორიგი ქულა მოიპოვა – 0:0. ლუკა ლოჩოშვილი თავიდან სათადარიგოებში იყო, მაგრამ მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება (6,9) ქულა დაიმსახურა.