ქართველები ევროთასებზე | კიტეიშვილის „შტურმი“ დამარცხდა, გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ფრანგულ „ლილს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. „ლილის“ კანადელმა ლეგიონერმა, ჯონათან დევიდმა (28, 51) დუბლი შეასრულა, 71-ე წუთზე კი თავი ედონ ჟეგროვამ გამოიჩინა.
ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ ევროპის ლიგის 1/8-ფინალში ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 2:2.
ქართველი მეკარე სათადარიგო ფეხბურთელთა შორის იყო. აზერბაიჯანის ჩემპიონი იასინ ბენზიას (26) და ჟუნინიოს (45+2) გოლებით პირველ ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ გერმანელებმა თამაში გადაარჩინეს. 70-ე წუთზე სხვაობა ფლორიან ვირცმა შეამცირა, ხოლო პატრიკ შიკმა 90+2-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.
ორივე გუნდი განმეორებით მატჩს 14 მარტს ჩაატარებს.