ქართველები ევროთასებზე - კანკავასა და კაშიას გუნდი ჯგუფში მოსახვედრად იბრძვის [ვიდეო] #1TVSPORT
14:52, 11.08.2021
ქართველი ლეგიონერების გუნდები ევროთასებზე ჯგუფში მოსახვედრად იბრძვიან.
ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა. უნგრეთის ჩემპიონი მეორე შეხვედრაში ჩეხურ „სლავიასთან“ პრაღაში 0:1 დამარცხდა, მაგრამ შინ 2:0 ჰქონდა მოგებული და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ შეხვდება, რომელმაც მეორე ეტაპზე ქართველების ბრატისლავას „სლოვანი“ გამოადგო (0:0, 3:2).
უნგრეთის ჩემპიონის რიგებში არ უთამაშიათ საქართველოს ნაკრების წევრებს, ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს, რომლებიც ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას გადიან.
კონფერენს ლიგაზე უკრაინული კოვალივკას „კოლოსის“ ძირითად შემადგენლობაში 60 წუთი ითამაშა ნიკა სიჭინავამ. 27 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდმა ორივე მატჩი 0:0 ითამაშა ყაზახეთის „შახტიორთან“. განმეორებითი შეხვედრა ყარაღანდაში გაიმართა, სადაც უკრაინელები პენალტების სერიაში კი 1:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის გუნდმა, სლოვაკეთის ჩემპიონმა ბრატისლავის „სლოვანმა“ შინ მოულოდნელად 1:1 ითამაშა გიბრალტარის „ლინკოლნთან“, რაც ბოლო წუთზე მეკარის კურიოზული შეცდომის ბრალი იყო. თუმცა სტუმრად 3:1 გამარჯვების ხარჯზე პლეი ოფში „სლოვანი“ გავიდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.
კანკავას გადაცემის შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ბურთი ძელს მოარტყა, ამის შემდეგ ჯაბამ თავად დაარტყა და სტუმრები მეკარემ გადაარჩინა. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად „სლოვანი“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-3 ეტაპზე ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ პენალტების სერიაში (1;1, 2;2, პენალტების სერია 1:4) დამარცხდა და ევროპალიგაზე გადაერთო.