ქართველები ევროთასებზე | გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, დვალმა - შეცვლაზე, მიქაუტაძე დაასვენეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპის ლიგაზე გლაზგოში „რეინჯერს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო და გუნდში გადასვლის შემდეგ პირველად არ ათამაშეს.
ძირითადი ეტაპის მე-2 ტურის დაპირისპირების გმირი მალიკ ფოფანა გახდა, რომელმაც დუბლი (10, 55) და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი პასებით კი თავი ლაკაზეტიმ (19, 45+2) ორჯერ გამოიჩინა. შოტლანდიელებიდან გოლი ლოურენსის (14) ანგარიშზეა.
კონფერენსლიგაზე გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ პოლონური „იაგიელონია“ მიიღო და ბოლო წალმებზე გაშვებული გოლით დამარცხდა 1:2. „ჯვაროსნების“ მცველმა დანიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. „კოპენჰაგენი“ მე-12 წუთზე ხაციდიაკოსმა წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში (51) პულულუმ წონასწორობა აღადგინა, ჩურლინოვმა (90+8) კი „იაგელონიას“ პირველი გამარჯვება მოუტანა.
ლაშა დვალის „აპოელმა“ ირლანდიაში „შამროკ როვერსთან“ დაპირისპირებაში ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა. 50-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, რითაც კვიპროსელებმა სწრაფად ისარგებლეს და 59-ე წუთზე ქართველი მცველის პოზიციაზე მოთამაშე ლაიფისის გოლით წინ გავიდნენ, მაგრამ ირლანდიელებმა ხასიათი გამოავლინეს და 90+2-ე წუთზე ვატსის გოლით წონასწორობა აღადგინეს.