ქართველები ევროპალიგაზე - კაჭარავამ შეცვლაზე ითამაშა, ლოჩოშვილი მოსკოვის ცსკა-ს აჩერებდა
ნიკა კაჭარავამ ახალ გუნდში, პოზნანის „ლეხში“ ევროპის ლიგაზე ითამაშა – საქართველოს ნაკრების წევრის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში პორტუგალიურ გრანდს, ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.
პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა ლისაბონის „ბენფიკასთან“ დიდხანს იბრძოლა, ორჯერ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერაფერს გახდა. გადამწყვეტი როლი პორტუგალიელთა ურუგვაელმა თავდამსხმელმა, დარვინ ნუნესმა ითამაშა, რომელმაც მასპინძელთა კარი სამჯერ აიღო. ნიკა კაჭარავა სათადარიგოებში იყო და მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:3 იყო.
სალონიკის პაოკ-მა სახლში კვიპროსულ „ომონიას“ უმასპინძლა და 1:1 ითამაშა. ნიკა ნინუა ბერძნული გუნდის რეზერვისტებში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“ „ლავანტალ არენაზე“ მოსკოვის ცსკა მიიღო და 1:1 დაასრულა. ავსტრიელთა რიგებში სრულად ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა. ავსტრიელთა საევროპო განაცხადშია გურამ გიორბელიძეც, მაგრამ ის მოედანს ნოემბერში დაუბრუნდება.
მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო კონსტანტინ მარადიშვილი – 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა რუსული კლუბის ფორმით 90 წუთი ითამაშა.