ქართველები აზიაში - ჯიღაურმა, მაქაცარიამ და ქავთარაძემ გაიტანეს #1TVSPORT
უზბეკეთის სუპერ ლიგაში ჯაბა ჯიღაური „ნასაფს“ დაეხმარა ფერგანას „ნეფთჩისთან“ მოგებაში (2:0), სადაც გიორგი ნიქაბაძე, ბაჩანა არაბული თამაშობენ. ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. არაბული 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნიქაბაძემ 90 წუთი ჩაატარა.
აკაკი შულაიას და გიორგი კუხიანიძის „კიზილყუმმა“ გასვლაზე უზბეკეთის „ბუნიოდკორთან“ ქულა მოიპოვა – 2:2. კუხიანიძემ ზედიზედ მეორე მატჩში საგოლე პასი მიითვალა.
ყაზახეთის პირველ დივიზიონში ლაშა კასრაძის და თამაზ მაქაცარიას „ჟენისმა“ „ხან თენგრი“ 4:1 დაამარცხა. ორივე ქართველებმა სასტარტო თერთმეტში იყო, მაქაცარიამ მესამე გოლი პენალტით (51-ე წუთზე) გაიტანა და სეზონში მეშვიდე გოლი დაუგროვდა.
ამავე ლიგაში გოლით თავი ბექა ქავთარაძემაც გამოიჩინა და მანაც ეს პენალტით მოახერხა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი „ელიმაი“ გასვლაზე „აკადემიას“ დაუზავდა – 2:2. ქავთარაძემ ანგარიში გახსნა და მიმდინარე ჩემპიონატში 17 გოლი დაუგროვდა.
„ელიმაიმ“ ყაზახეთის პრემიერ ლიგის საგზური უკვე მოიპოვა. „ჯენისი“ კი სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 54 ქულით მესამე ადგილზეა და კონკურენტ „აკჟაიკს“ ექვსი ქულით ასწრებს, პოზიციის შენარჩუნებით კი პრემიერლიგაში დაწინაურდება.