ქართველ ფეხბურთელებზე ევროკავშირში შეზღუდვები ასოცირების ხელშეკრულებით მოგვარდება #1TVSPORT
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირში ქართველი ფეხბურთელების სტატუსს უკავშირდება.
„საზოგადოების ყურადღება მინდა მივაპყრო მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებიდან და უკავშირდება სპორტს, უფრო კონკრეტულად კი ქართულ ფეხბურთს.
ჩვენ ყველა აღტაცებაში მოვედით ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებით – ეს მართლაც დიდი მოვლენა იყო თანამედროვე ქართულ სპორტში. ეს თითოეულ იმ ადამიანს ახარებს, რომელთაც აქვთ სხვისი წარმატებით გახარების უნარი – მათაც კი, ვინც ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევა.
მაგრამ გულისწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ ის, რასაც ხვიჩამ მიაღწია, ამის საშუალება ბევრ სხვა ახალგაზრდას არ ეძლევა. იმიტომ, რომ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებულია შესაბამისი კვოტები.
ეს საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშისგან ზღუდავს და არასამართლიანად არათანაბარ პირობებში გვაყენებს სხვა კონტინენტის ფეხბურთელებთან შედარებით – მათ შორის აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები იგულისხმება.
ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანია პროფესიული სპორტსმენებისა და კონკრეტულად ფეხბურთელების უფრო დიდი რაოდენობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინტეგრაცია, რაც გამოწვეულია მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორებიცაა, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობების გამოყენება.
ამას იყენებენ სხვა არაწევრი ქვეყნები – ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, მონტენეგრო – მათი წარმომადგენლები უპრობლემოდ თამაშობენ ევროკავშირის ზონის ქვეყნებში, მათ შორის, ტოპ-ლიგების ქვეყნების ლიგებში. იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში და ა.შ.
ასევე გასათვალისწინებელია დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი. კონკრეტულად ავხსნი – საქართველოს გაცხადებული კურსის გათვალისწინებით, შესაძლებელია მეტი სპორტსმენის და ფეხბურთელის ინტეგრაცია ევროპაში, ვიდრე რუსეთში. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებისა, რუსეთი სპორტის მიმართულებითაც თამაშგარეში აღმოჩნდა. რუსული კლუბები ჩახსნილები არიან საერთაშორისო ტურნირებიდან.
ევროკავშირში არსებული შეზღუდვებისა და სხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ქართველი ფეხბურთელები ხშირად რუსეთში თამაშს არჩევენ და არჩევდნენ. ეს პირდაპირ მოქმედებდა მათ ხარისხსა და განვითარების დონეზე. რუსეთის ჩემპიონატში წლებით თამაშის შემდეგ კი მათ დიდი უმრავლესობას უჭირდა ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრება. სამწუხაროდ, რუსეთში წასული ბევრი ფეხბურთელი გვახსოვს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დათმობაც კი მოუწიათ იმ მიზეზით, რომ ლეგიონერის სტატუსს გაქცეოდნენ.
ფინანსური და სოციალური სარგებელი არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. უფრო მეტი პროფესიონალი კადრი გვეყოლება ევროპულ ბაზარზე და ლოკალურ დონეზე უფრო მეტი სარგებელი იქნება მიღებული. ეს თავის მხრივ გაზრდის სატრანსფერო, მარკეტინგულ და სარეკლამო შემოსავლებს. მეორეს მხრივ, გვეყოლება თვითკმარ დაფინანსებაზე მყოფი, დამოუკიდებელი კლუბები საქართველოს ჩემპიონატში.
ასე რომ, მინდა შევახსენო შესაბამის უწყებებს და თანამდებობის პირებს, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება სხვა მიმართულებებებთან ერთად, იძლევა სპორტის სექტორში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ქართველოდან ევროკავშირის ზონაში მობილობის გაზრდას“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.