ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ვერცხლის მედალი აიღო. მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მხოლოდ რუსულ წყვილს, ელიზავეტა ხუდაიბერდიევასა და ნიკიტა ნაზაროვს ჩამორჩნენ, 154.17 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. ბრინჯაოს მედლები ასევე რუსებს, დაიანა დევისსა და გლებ სმოლკინს ხვდათ წილად.
ოლიმპიური თამაშების , ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ ყველაზე წარმომადგენლობითი და რეიტინგული ტურნირი გრან- პრის ეტაპების სერიაა , რომელიც იმართება საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით 1997 წლიდან.გრან-პრის ეტაპებზე მონაწილეობის უფლება ეძლევათ მსოფლიო სარეიტინგო სიაში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებს წინა სეზონის შედეგების გათვალისწინებით.
წელს იუნიორთა შორის გრან -პრის სერიამ, რომელიც შვიდ ეტაპად გაიმართება , სტარტი აიღო 20 აგვისტოდან და იგი გაგრძელდება 13 ოქტომბრის ჩათვლით. სერიის სხვადასხვა ეტაპებზე იასპარეზებს ქართველი მოციგურავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, ერთეულებში ირაკლი მაისურაძე, ანადეა გულბიანი – შმიდტი და ალინა ურუშაძე.
ქართველი მოციგურავეები ამ ტურნირის მეხუთე ეტაპიდან ჩაერთვნენ ასპარეზობაში, რომელიც 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით იმართებოდა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში. ტურნირის პირველი მედლები გაითამაშეს მოცეკვავე წყვილებმა. ამ სეგმენტში მონაწილეობდა 15 ქვეყნის 18 მოცეკვავე წყვილი, რომლებიც ორი დღის მანძილზე მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე წარმოადგენდნენ თავიანთ ახალ რითმულ ცეკვასა და თავისუფალ პროგრამებს. ფავორიტებად ქართველ მოციგურავეებთან ერთად ითვლებოდნენ მოცეკვავე წყვილები რუსეთიდან , ამერიკიდან, კანადიდან. ქართველმა მოციგურავე წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ საკმაოდ საინტეერსო და ტექნიკურად დატვირთული რითმული და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინეს და ტურნირის ორივე პროგრამის ჯამში 154, 17 ქულით მეორე ადგილი დაიმსახურეს.ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოციგურავე წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ტექნიკური ელემენტების ნაწილში ყველაზე მაღალი 50. 08 ქულა დაიმსახურა და ღირსეულად გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები. მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ერთიან რეიტინგულ სიაში 13 ქულა დაიმსახურა და 10-13 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გრან-პრის სერიის ბოლო მეშვიდე ეტაპზე, სადაც ისინი იასპარეზებენ, გადაწყდება გრან-პრის ფინალური ეტაპის საგზურები. ქართველ მოცეკვავე წყვილს საკმაოდ სერიოზული შანსები აქვთ , პირველად ისტორიაში იასპარეზონ გრან -პრის ფინალურ ეტაპზე , რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართტება კანადის ქალაქ ვანკუვერში.
ოსტრავაში მოცეკვავე წყვილების გამოსვლას მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე . დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი ქალბატონი მარიამ გიორგობიანი.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია