ქართული სპორტის ვარსკვლავები ატოცში [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული სპორტის ვარსკვლავები ატოცში [ვიდეო] #1TVSPORT

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ და წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

სპორტის მნიშვნელობასა და როლზე, მოსწავლეებთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, საკალათბურთო ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა დავით უბილავამ ისაუბრეს. მათ სკოლის მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სპორტში ჩართულობისკენ მოუწოდეს.

დისკუსიის შემდეგ, სპორტსმენები და მოსწავლეები ფიზიკურ აქტივობაში ჩაერთნენ. ღონისძიების ბოლოს კი „თეთრ ბარათებთან“ ერთად ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპორტის მენეჯმენტის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

სპორტის საერთაშორისო დღე საქართველოსა და მსოფლიოში 2014 წლიდან აღინიშნება. სპორტის დღის სიმბოლო – „თეთრი ბარათი“ ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას გამოხატავს.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

დატოვე კომენტარი