გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში ტრნავას „სპარტაკს“ ესტუმრა – მატჩი 0:0 დასრულდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის სოციალური მედიის საშუალებით ქართველმა გულშემატკივარმა ჩვენი ლეგიონერების თამაში იხილა. ამიერიდან ქართველი ლეგიონერების მატჩების ნახვა შესაძლებელია სატესტო რეჟიმში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
სლოვაკეთის ჩემპიონშიფის (საჩემპიონო ჯგუფი) მესამე ტურის შეხვედრაში ქართული სამეული „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ვიხილეთ. კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძე ბოლო წამებზე შეცვალეს.
პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. მეორე ნახევარში „სპარტაკი“ ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ გოლის გატანა მასპინძლებმაც ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა.
სლოვაკეთის ჩემპიონშიფის სამი ტურის შემდეგ „სლოვანი“ 51 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, „დუბაისკა სტრედას“ (54) ჩამორჩება.