ქართული საფეხბურთო კლუბები საერთაშორისო ორგანიზაციის კვირეულს შეუერთდნენ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ლიგის კლუბები შეუერთდნენ საერთაშორისო ორგანიზაცია CAFE-ს ყოველწლიურ კვირეულს „მოქმედების დროა“ (Week of Action), რომელიც სპორტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობას ემსახურება.
ეროვნული ლიგის მესამე ტურის ხუთივე შეხვედრის მოანწილეებმა თამაშის დაწყებამდე შესაბამისი ბანერები გამოფინეს, მაისურები ჩაიცვეს და სპორტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთა ჩართულობას მხარი დაუჭირეს.
შეხვედრებზე CAFE-ს სამოქმედო კვირეული უნიკალური შესაძლებლობაა კლუბებისთვის, ფედერაციებისა და გულშემატკივრებისთვის, რომ აღნიშნონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მათ შეუძლიათ ითამაშონ როგორც სპორტში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. CAFE კვირეული მეცხრედ იმართება და წელს 6-14 მარტიდან გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გულშემატკივრებისთვის საგრანტო პროგრამა აქვს.
„ჩვენ მოვუწოდებთ სპორტის სხვადასხვა სახეობებში დაინტერესებულ მხარეებს, შემოგვიერთდნენ და აღნიშნონ მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და სპორტში ჩართულობას. CAFE–მ ასევე დაიწყო მცირე საგრანტო პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გულშემატკივართა მხარდასაჭერად, რომლებიც კვირეულში მონაწილეობენ,“ – წერია ორგანიზაციის მიმართვაში.
კვირეულის მიზანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სპორტში შეძლონ თავიანთი ღირსეული ადგილი დაიკავონ – როგორც მაყურებელმა, მოთამაშემ, მწვრთნელმა, ადმინისტრატორმა, მოხალისემ და გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა.