ქართული ლეგიონის წარმატება - ხოჭოლავა და გოჩოლეიშვილი ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ 31-ე ტურში „ვიბორგთან“ სტუმრად მოგებით (2:1) დანიის ჩემპიონი გახდა, გუნდმა 58 ქულა დააგროვა და, ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, კონკურენტ „ნორდსიელანდისთვის“ (54) მიუწვდომელია. ეს „კოპენჰაგენის“ მე-15 ტიტულია.
ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, აპრილიდან კი ტრავმის გამო ვეღარ თამაშობდა და. სავარაუდოდ, ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ივნისის შეხვედრებში.
გიორგი გოჩოლეიშვილი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც უცხოეთში ჩემპიონი გახდა – დონეცკის „შახტარმა“ უშუალო კონკურენტი „დნიპრო 1“ 3:0 დაამარცხა და მე-14 ტიტული იზეიმა.
გოჩოლეიშვილი უკრაინულ კლუბში ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ უკრაინის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 22 წლის მცველი ბოლო ტურში დონეცკელთა სათადარიგოთა შორის იყო.
შეგახსენებთ, რომ უცხოეთში ჩემპიონობა ასევე იზეიმეს ხვიჩა კვარაცხელიამ („ნაპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვმა („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ („სლოვანი“, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანმა („პერსეპოლისი“, ირანი), ლუკა გუგეშაშვილმა („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).